მაია ცქიტიშვილი EBRD-ის აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტში მონაწილეობს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო სამიტში მონაწილეობს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, სამიტი ლონდონში, EBRD-ის შტაბბინაში იმართება. სამიტში მონაწილეობენ სომხეთის პრეზიდენტი, აზერბაიჯანის, მოლდოვის, უკრაინისა და ბელარუსის პრემიერ-მინისტრები, ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, EBRD-ის პრეზიდენტი სუმა ჩაკრაბარტი, საერთაშორისო ინვესტორები და მეწარმეები.
ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი, ვიზიტის ფარგლებში, გამართავს საქმიან შეხვედრებს და მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის სადისკუსიო პანელში, რომელიც მიეძღვნება აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საინვესტიციო კლიმატსა და ახალი შესაძლებლობების განსაზღვრას.
აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ბელარუსი, მოლდოვა) EBRD ხელს უწყობს საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას. 10 წლის განმავლობაში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 6 ქვეყანაში სხვადასხვა პროფილის 1200 პროექტი 26 მლრდ ევროთი დააფინანსა.