მაია ცქიტიშვილი - ანტიკრიზისული გეგმა არის დახმარება როგორც დეველოპერული სექტორის, ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის
პროგრამა, რომელის პრეზენტაციაც დღეს საქართველოს მთავრობამ გამართა, არის მხარდაჭერა ერთი მხრივ, დეველოპერული სექტორის და მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეების, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, იპოთეკური სესხების თანადაფინანსების პროგრამა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, უფრო ნაკლები საპროცენტო ხარჯი გადაიხადონ.
„ოთხი პროცენტით დაუსუბსიდირდებათ ხუთი წლის განმავლობაში სესხი მოქალაქეებს, რომლებიც 200 ათას ლარზე ნაკლებ ფასიან ბინას შეიძენენ. ეს პროგრამა ემსახურება იმას, რომ ლარშიც აიღონ სესხი და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული დოლარის კურსზე, ასევე ემსახურება სესხების გაჯანსაღებასაც. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, მოქალაქეებს ექნებათ ნაკლები საპროცენტო ხარჯი გადასახდელი, რაც მათ შეუმსუბუქებთ ტვირთს და შესაბამისად, არ ექნებათ პრობლემა სესხის გადახდასთან დაკავშირებით ხუთი წლის განმავლობაში. პრაქტიკულად უნახევრდებათ, მოდით ასე ვთქვათ, შვიდი პროცენტამდე დადის სესხი და ოთხ პროცენტს აქედან სახელმწიფო აანაზღაურებს. აქედან გამომდინარე, ჭარბვალიანობაზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ ვსაუბრობთ პირიქით სესხები პორტფელის გაჯანსაღებაზე. ამით დავეხმარებით მოქალაქეებს, რომ საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესონ, ასევე ვეხმარებით დეველოპერებს, რომ გაყიდვები არ შეუმცირდეთ“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.