მაია ცქიტიშვილი - დარწმუნებული ვარ, არჩევნების მეორე ტურში საქართველოს მოსახლეობა სწორ არჩევანს გააკეთებს
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით პირველ რიგში მოსახლეობის მაღალი აქტივობის მოლოდინი მაქვს, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, დღეს არჩევანი გასაკეთებელია სიცრუესა და სიმართლეს შორის.
„მინდა, მივმართო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, რომლებიც არჩევნების დღეს დარჩნენ სახლში და რაღაც მიზეზების გამო არ დააფიქსირეს თავისი ხმა. ვფიქრობ, ეს ადამიანები დარწმუნდნენ იმაში, რომ მათ ხმას აქვს ძალიან დიდი ფასი და მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სამწუხაროდ, დღესაც გვიწევს არჩევანის გაკეთება სიცრუესა და სიმართლეს შორის, ძალადობრივ რეჟიმსა და იმ თავისუფალ განვითარებას შორის, რომელსაც 2012 წლის შემდეგ ჩვენი მთავრობა ახორციელებს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ საქართველოს მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს. ჩვენი ხალხის გონიერების მჯერა და იმისაც მჯერა, რომ საფრთხეებს ყველანი ერთად ავარიდებთ თავს. ეს არჩევნები, ისევე როგორც 2012 წლიდან ყველა არჩევნები იყო თავისუფალი, სამართლიანი და გამჭირვალე. მჯერა, რომ ესეც ასეთივე ვითარებაში წარიმართება”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.