მაია ცქიტიშვილი - დახმარების ყველა პაკეტი არის მიზნობრივი, მიმართულია სექტორისა და მოქალაქის საჭიროებაზე
ყველა ის პაკეტი, რომელიც ჩვენ შევქმენით არის მიზნობრივი და მიმართულია სექტორისა და მოქალაქის საჭიროებაზე, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პოლიტიკური ოპონენტების შეფასებები, თითქოს მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა წინასაარჩევნოდ მოქალაქეთა მოსყიდვაა, სიმართლეს არ შეესაბამება.
„ძალიან საინტერესო არის ეს კითხვა იმ ნარატივთან შედარებით, რომელიც ოპონენტების მხრიდან გუშინ პარლამენტში მოვისმინეთ, სადაც ოპონენტები გვაბრალებდნენ, რატომ არ დავურიგეთ თანხა საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქეს. ყველა ის პაკეტი, რომელიც ჩვენ შევქმენით არის მიზნობრივი, მიმართულია სექტორის საჭიროებაზე, მოქალაქის საჭიროებაზე. ეს არ არის საარჩევნო მოსყიდვა, ეს არის ანტიკრიზისული ღონისძიებები და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე, ჩვენი ეკონომიკის წინაშე, რასაც არ უნდა ამბობდნენ ისინი“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
წლის ბოლომდე დადებულ კონტრაქტებზე, ხუთი წლის განმავლობაში მთავრობა იპოთეკური სესხის ოთხ პროცენტს დაასუბსიდირებს.