მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი სოფელ დუისში მოსახლეობას ხვდებიან
ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა სოფელ დუისში პანკისის მოსახლეობას ხვდებიან.
შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ლევან დავითაშვილმა განუცხადა, ახალგაზრდებს, ქალთა საბჭოსა და უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს ხეობაში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
„სამწუხაროა, რომ მოსახლეობას აქამდე არ ჰქონდა დეტალურად კომპეტენტური დასკვნის გაცნობის საშუალება და გარკვეული ძალების ზემოქმედებით ხდებოდა მოსახლეობის არასწორად ინფორმირება“, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა პანკისის ხეობაში დაგეგმილ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ადგილობრივებმა ყველა კითხვაზე უნდა მიიღონ პასუხი.
„ჩვენი ამოცანაა, მოსახლეობას ყველა კითხვაზე ობიექტური, კომპეტენტური და ექსპერტების მხრიდან დასაბუთებული პასუხები გაეცეთ. ჩვენ არ გვინდა, რამე კითხვა რჩებოდეს და კეთდებოდეს რაღაც კომპრომისები“ – განცხადა დავითაშვილმა.
ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის თქმით, ჰესების მშენებლობა ერთ-ერთი თემაა. საუბარი სხვა ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც შეეხება.
„ეს შეხვედრა შუალედურ არჩევნებს არანაირად არ უკავშირდება. რაც შეეხება ჰესების საკითხს, ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც წინა შეხვედრაზეც დაისვა კითხვები. ამ საკითხზე გვქონდა დაპირება, რომ გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად შევძლებდით მათთან საუბარს, მაგრამ ეს არ არის ჩვენი შეხვედრის მთავარი თემა“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.