მაია ცქიტიშვილი - ჩვენი და დარწმუნებული ვარ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სურვილიც არის, ახლა აქტიური სამუშოები მიმდინარეობდეს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის მშენებარე პორტის ტერიტორია დაათვალიერა.
მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე ლოჯისტიკური შესაძლებლობების ასათვისებლად.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ზედმეტი აჟიტირება ხდება ჩემი ჩამოსვლა-არჩამოსვლის საკითხთან დაკავშირებით. სინამდვილეში, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან, ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტთან. შეგახსენებთ, რომ ეს პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივაა და აქედან გამომდინარე, აქ ჩამოსვლა-არჩამოსვლით გადაწყვეტილება ნამდვილად არ იცვლებოდა. ძალიან დეტალური და ღრმა ინფორმაცია მაქვს პროექტთან დაკავშირებით. გაცნობილი ვარ ინფორმაციასაც, რასაც ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მთელი ამ ხნის განმავლობაში გვაწვდიდა. მაქვს წაკითხული კონტრაქტი, მაქვს ღრმა ცოდნა ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც უსაფრთხოების თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით და ამ რეგიონის განვითარებისთვის, ასევე, იმისთვის, რომ ჩვენი ლოჯისტიკური შესაძლებლობები ავითვისოთ. როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურის, გზების მშენებლობაზე, მაგისტრალების მშენებლობაზე, ეს ყველაფერი პორტთან არის ერთიანი ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, რომელშიც ვდებთ უამრავ დროს, რესურსსა და თანხებს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მისივე თქმით, ანაკლიის პორტი არის ტრანსევროპული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნაწილი და ამ პროექტის საჭიროების მიმართ არანაირი კითხვა არ დგას.
„ ერთადერთი პრობლემა არის ის, რომ დღეს სამუშოები ამ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს. ჩვენი და დარწმუნებული ვარ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სურვილიც არის, რომ ამ ტერიტორიაზე აქტიური სამუშოები მიმდინარეობდეს. რაც შეეხება ვადებს, შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმი არის ინვესტორი, რომლის მოვალეობაცაა ფინანსების მოზიდვა“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.