მაია ცქიტიშვილი - ბლოკპოსტები არ ნიშნავს ქალაქების საზღვრების დაკეტვას
მაია ცქიტიშვილი - ბლოკპოსტები არ ნიშნავს ქალაქების საზღვრების დაკეტვას

როდესაც ვსაუბრობთ ბლოკპოსტებზე, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვსაუბრობთ ისეთივე საკარანტინო რეჟიმზე, როგორიც გვაქვს მარნეულსა და ბოლნისში, სადაც მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დატოვება ან მასში შესვლა ეკრძალებათ მოქალაქეებს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მან განმარტა, რომ საუბარია ბლოკპოსტებზე, რომლებიც იქნება განთავსებული შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მიერ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი. მინისტრის თქმით, ეს ბლოკპოსტები მოემსახურება, პირველ რიგში, იმას, რომ შემოწმდეს, ხომ არ გადაადგილდებიან მოქალაქეები სამარშრუტო ტრანსპორტით ან იმ შეზღუდვის გვერდის ავლით, რომელიც გულისხმობს, რომ მანქანაში არ უნდა იჯდეს სამ ადამიანზე მეტი. გარდა ამისა, ამ ბლოკპოსტებზე უზრუნველყოფენ მოქალაქეთა თერმოსკრინინგს და სიცხის შემთხვევაში, ის დროებით იქნება გადაყვანილი იქვე მოწყობილ სივრცეში, სადაც ექიმების კონსულტაციის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული მისი ტესტირების თაობაზე.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ დიდი ქალაქები დავიცვათ შესაძლო ინფექციის, დავირუსებული ადამიანის შემოსვლისგან, რათა შემდგომში ის არ იქცეს ვირუსის შიდა გავრცელების არაიდენტიფიცირებულ წყაროდ.

„ბუნებრივია, ჩვენ არ ვსაუბრობთ ქალაქების საზღვრების დაკეტვაზე, მაგრამ უნდა ვიყოთ ფხიზლად და ფრთხილად, რათა მაქსიმალურად გამოვავლინოთ ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს სიცხე, ვისაც შესაძლოა, ჰქონდეს კორონავირუსი და შესაბამისი სიმპტომების დადგენის შემთხვევაში, ექიმებთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება ასეთი ადამიანების ტესტირების, მკურნალობისა და მათი შესაძლო კონტაქტების დადგენისა და იდენტიფიცირების შესახებ“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.