მაია ცქიტიშვილი - ბაკურიანსა და გუდაურში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმები
ბაკურიანსა და გუდაურში ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმები, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბაკურიანში ინფრასტრუქტურული პრობლემები განპირობებულია ქაოტური განაშენიანებით.
ამასთან, აღნიშნა, რომ ბაკურიანში დაგეგმილია რამდენიმე საზოგადოებრივი პარკინგის მშენებლობა.
„პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, დამტკიცებული გვაქვს განაშენიანების რეგულირების გეგმები როგორც ბაკურიანში, ასევე გუდაურში. გეგმა დაგვეხმარება, რომ სასტუმროების თუ სხვა კერძო ობიექტების შემდგომი მშენებლობები მოხდება გენგეგმის შესაბამისად. მუნიციპალური განვითარების ფონდმა სატრანსპორტო კვლევა შეუკვეთა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, განვსაზღვროთ, რა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სჭირდება ბაკურიანს, მაგალითად, რამდენი ავტობუსი, რა სახის სატრანსპორტო მოძრაობის დანერგვა იქნება მიზანშეწონილი ბაკურიანისთვის. გარკვეულ უბნებში მოხდება მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასვლა. ამასთან, ბაკურიანში დაგეგმილია რამდენიმე საზოგადოებრივი პარკინგის მშენებლობა. ასეთივე გეგმები გვაქვს გუდაურსა და კობშიც. ბაკურიანში 2023 წელს ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის გამართვა იგეგმება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მინისტრის თქმით, ბაკურიანსა და გუდაურში ინფრასტრუქტურის სრულად გამართვას რამდენიმე წელი დასჭირდება.