მაია ცქიტიშვილი - აგრესიას ოპოზიციური ძალები თესავენ, თუმცა ეს არ ამართლებს მათთან ფიზიკურ დაპირისპირებას
აგრესიას ჩვენი ოპოზიციური ძალები თესავენ, თუმცა ეს არ ამართლებს „ქართული ოცნების“ თუ ცალკეული მაჟორიტარის მხარდამჭერებს, რომლებიც ფიზიკურად უპირისპირდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
როგორც მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, მისთვის ნებისმიერი დაპირისპირება მიუღებელია.
„რაიმე სახით დაპირისპირება მიუღებელია – ვისგანაც უნდა გამომდინარეობდეს, ან მით უმეტეს, ფიზიკური ძალის გამოყენება და ისეთი ტიპის აქციები, რომელიც ძალადობის ელემენტებს შეიცავს. სამწუხაროდ, ეს პროცესი იმ რადიკალურმა ოპოზიციამ დაიწყო, რომელსაც ამ წლების განმავლობაში მხოლოდ ეს მეთოდები აქვს და მთელი ეს დრო ამ მეთოდებით გვემუქრება. როდესაც ოპოზიცია მიდის ამა თუ იმ ოფისთან, დეპუტატთან და მას იქაც მხარდამჭერი ხვდება, რა თქმა უნდა, არის ბუნებრივი გამოძახილი იმ აგრესიისა, რომელსაც ჩვენი ოპოზიციური ძალები თესავენ. თუმცა, ამასთან ერთად, არ ამართლებს „ქართული ოცნების“ თუ ცალკეული მაჟორიტარის მხარდამჭერებს, რომლებიც ფიზიკურად უპირისპირდებიან ოპოზიციის წარმომადგენლებს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესი ქუჩიდან პარლამენტში და მოლაპარაკების მაგიდასთან გადავიდეს, რაც არაერთხელ გაგვიცხადებია, გაგვიკეთებია და მოგვიწოდებია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
„ჩვენს ამომრჩეველს – „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქტივისტებს მოვუწოდებ, თავი შევიკავოთ ნებისმიერი სახის ძალადობისგან და მათ შორის იმ ემოციური პასუხისგან, რომელიც შესაძლოა აგრესიულ ქმედებებზე მიდიოდეს. ჩვენი პასუხისმგებლობა და მოვალეობაა, ამ საქმეს ბევრად მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. მეტი თმენის ვალდებულება გვაქვს. აქედან გამომდინარე, არ უნდა მოხდეს პროვოკაციაში ჩაბმა ან პროვოცირების გამოხატვა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.