მაია ცქიტიშვილი - 2020 წელს 1 300-ზე მეტი კომპანია და საქართველოს 30 ათასამდე მოქალაქე იყო დასაქმებული
მხოლოდ 2020 წელს, პანდემიის მიუხედავად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეძლო უმნიშვნელოვანესი პროექტების დასრულება, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალის სამი მონაკვეთის გახსნა, რიკოთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის სხვა მონაკვეთებზე მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა, ასევე 580 კმ შიდა სახელმწიფოებრივი გზების რეაბილიტაცია, 322 ათასი ადამიანის წყალმომარაგების გაუმჯობესება – ამის შესახებ პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2020 წელს ასევე დასრულდა 20 ახალი სკოლის მშენებლობა, დაიწყო 41 ახალი სკოლის მშენებლობა და 100-ზე მეტი სკოლის რეაბილიტაცია, გაიხსნა ვანის მუზეუმი და სხვადასხვა რეგიონში განვითარდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. აბასთუმანში, ასურეთსა და ბაკურიანში დასრულდა ურბანული განახლების მნიშვნელოვანი ეტაპები და მუშაობა დაიწყო წყალტუბოს განვითარების პროექტზე.
„ეს მცირე ნაწილია იმ პროექტებისა, რომელშიც მხოლოდ 2020 წელს 1300-ზე მეტი კომპანია და საქართველოს 30 ათასამდე მოქალაქე იყო დასაქმებული. გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ პანდემიის მიუხედავად, ყველა რეგიონის ინფრასტრუქტურული განვითარება უპრეცედენტო მასშტაბით მიმდინარეობს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.