მაია ბითაძე - არავის აქვს უფლება, უკანონოდ დაჯავშნონ ან დაიკავონ ადგილები, რომელიც სახელმწიფომ პარკირებისთვის გამოყო
თბილისში ძალიან ბევრ ადგილზე ხდება პარკირების ადგილების დაკავება არაგონივრული ვადით ან შემოსაზღვრა, დაჯავშნის არაფორმალური მოდელი, რაც არასამართლიანია, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მოქალაქეები იხდიან პარკირების საფასურს და შესაბამისად, არავის აქვს უფლება პარკირების ადგილები გარკვეული დროის განმავლობაში დაჯავშნოს ან დაიკავოს, მათ შორის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების მიზნით.
„ასეთი შემთხვევებიც გვაქვს, როდესაც ხდება ვიზების გაცემა ან სხვადასხვა მომსახურების გაწევა საპარკინგე ადგილზე მუდმივად მდგომი ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან. ადგილებს არამართლზომიერად იკავებენ“, – განმარტა მერის მოადგილემ.
შესაბამისად, მისი შეფასებით, სამართლიანი იქნება, რომ ზედამხედველობის სამსახურმა და სატრანსპორტო კომპანიამ, დროულად განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები, რადგან პარკირების ადგილების დაკავება თბილისელების უფლებებს არღვევს.
„მოქმედი კანონმდებლობით არსებობს სანქციები, ეს არის პარკირების წესების დარღვევა, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება პარკირების ადგილებზე და პარკირების ადგილების დაჯავშნა, რომელიც არღვევს მოქმედ წესებს. ამისთვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით სხვადასხვა შესაბამისი ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული“, – აღნიშნა მაია ბითაძემ და განმარტა, რომ საუბარია ეფექტიან აღსრულებაზე და არა ახალ სამართლებრივ ცვლილებებზე.
მისი თქმით,ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მოქალაქეები ბოროტად სარგებლობდნენ ამ ადგილებით.
„მოხდება კანონის მთელი ძალით ამოქმედება და შესაბამისი სამსახურები ეფექტიანად აღასრულებენ მუხლებს, რომელიც კანონით არის განსაზღვრული. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ნებით აგროვებენ თანხას. რა თქმა უნდა, ყველას აქვს უფლება ნებაყოფლობით თანხა აჩუქოს ნებისმიერ პირს, თუმცა არავის აქვს უფლება, მათ შორის მათ, ვინც ყვითელი ფორმით ჩანან მთელს თბილისში, უკანონოდ დაჯავშნონ ან დაიკავონ ადგილები, რომელიც სახელმწიფოს და ქალაქს გამოყოფილი აქვს საჯარო პარკინგისთვის“, – განაცხადა ბითაძემ.
თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურის დაავალა, პარკირებისთვის გამოყოფილი ადგილების კერძო ე.წ. სტაინშიკების მიერ დაკავების, ასევე ამ ადგილებზე ეკონომიკური საქმიაობის წარმოების პრობლემა სასწრაფოდ მოაგვარონ.