კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს ე.წ. სტაინშიკების მიერ მუნიციპალური პარკირების ადგილების დაკავების პრობლემის სასწრაფოდ მოგვარება დაავალა 
კახა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს ე.წ. სტაინშიკების მიერ მუნიციპალური პარკირების ადგილების დაკავების პრობლემის სასწრაფოდ მოგვარება დაავალა 

თბილისში 2019 წლიდან პარკირების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც მერიამ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში შეიმუშავა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი მოდელი ზონალურ პარკირებას ითვალისწინებს, რაც კანონპროექტის სახით უკვე მომზადებულია და გადავუგზავნით პარლამენტს. კახა კალაძემ პარლამენტს კანონპროექტის მხარდაჭერა სთხოვა.

„ამ რეფორმის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს არის ნაწილი იმ სატრანსპორტო პოლიტიკის, რომელიც რამდენიმე ხნის წინ წარმოვადგინეთ და ვაჩვენეთ საზოგადოებას“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან კერძო პირების მიერ მუნიციპალური პარკირების ადგილების დაკავების პრობლემაზეც ისაუბრა.

„ამ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით არსებობს პრობლემები. ხშირია შემთხვევები, როდესაც კერძო პირებს, კომერციული ფართის მფლობელები შეიძლება იყვნენ ეს ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ე.წ. სტაიანშიკები, მიმდებარე ტერიტორიებზე მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი საპარკინგე ადგილები, რომლებიც მუნიციპალური საპარკინგე ადგილებია, რომლითაც უნდა ისარგებლოს თითოეულმა ჩვენგანმა, ამ ქალაქში მცხოვრებმა ადამიანებმა, ვინც მართლა იხდის პარკინგის საფასურს. ამ კერძო პირებს ჩაკეტილი აქვთ მიზანმიმართულად საპარკინგე ადგილები და იყენებენ სათავისოდ. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ზედამხედველობის სამსახურს დაავალა, რაც შეიძლება მალე მოაწესრიგოს ეს საკითხი.

„ადამიანებს, ვინც მართლა პატიოსნად იღებენ პარკირების წლიურ აბონიმენტს, ელემენტარულად იმის საშუალება არ აქვთ, რომ ავტომობილები გააჩერონ. სპეციალურად ჩახერგილი და ჩაკეტილი აქვთ ეს ადგილები, რომ თავიანთი ავტომობილები დააყენონ. ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ამიტომ მყისიერი რეაგირება მოხდეს ამაზე და თუ მოსაშლელია მოშალეთ ეს სპეციალურად დამონტაჟებული კონსტრუქციები, ხან ბოძგიტებს აყენებენ, ხან ჯაჭვებით აქვთ ჩაკეტილი, რაც კატეგორიულად მიუღებელია. იმოქმედეთ კანონის ფარგლებში. კანონით, ეს არის ჩვეულებრივი სამართალდარღვევაა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ამასთან, მისი თქმით, ხშირია შემთხვევა, რომ თუ მოქალაქეები  ე.წ. სტაიანშიკებს ფულს არ გადაუხდიან,  მათ არ აძლევენ პარკირების შესაძლებლობას.

„ესეც კატეგორიულად მიუღებელია. ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი იქნეს მოწესრიგებული. არავის აქვს უფლება მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე, რომელზეც ადამიანები საფასურს იხდიან, ვინმემ, კონკრეტულმა პიროვნებამ შეუზღუდოს ავტომობილის გაჩერება. ამიტომ დროული რეაგირება მოახდინეთ ამ საკითხზე“, – დაავალა კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს.