მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ პალესტინელ ხალხს მხოლოდ „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია“ წარმოადგენს და არა პოლიტიკა, რომელსაც რომელიმე სხვა ორგანიზაცია ატარებს
მაჰმუდ აბასი აცხადებს, რომ პალესტინელ ხალხს მხოლოდ „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია“ წარმოადგენს და არა პოლიტიკა, რომელსაც რომელიმე სხვა ორგანიზაცია ატარებს

პალესტინის ავტონომიის ლიდერმა განაცხადა, რომ პალესტინელ ხალხს მხოლოდ „პალესტინის გათავისუფლების​ ორგანიზაცია“ წარმოადგენს. ამის შესახებ ნათქვამია პალესტინის ავტონომიის ოფიციალური სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც მაჰმუდ აბასისა და ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელდა.

„პრეზიდენტმა აბასმა ხაზი გაუსვა, რომ პალესტინის ხალხს წარმოადგენს ის პოლიტიკა, პროგრამა და გადაწყვეტილებები, რომელსაც „პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაცია“ იღებს, როგორც პალესტინელი ხალხის ერთადერთი კანონიერი წარმომადგენელი, და არა პოლიტიკა, რომელსაც რომელიმე სხვა ორგანიზაცია ატარებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ამავე განცხადებაში მოხსენიებული იყო კონკრეტულად მოძრაობა „ჰამასი“, თუმცა მოგვიანებით ტექსტი შეცვალეს.

ამავე ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ მიუღებელია, როგორც მშვიდობიანი პალესტინელების, ისე ისრაელელების მკვლელობა. ის ასევე გამოვიდა მოწოდებით, რომ „მშვიდობიანი მოქალაქეები, მძევლები და დაკავებულები ორივე მხრიდან უნდა გათავისუფლდნენ“. მისივე თქმით, პალესტინისა და ისრაელის კონფლიქტი უნდა დასრულდეს არაძალადობრივად, პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით.