მაჰაჩყალაში უფლებადამცველი ორგანიზაციის დაღესტნის განყოფილების ხელმძღვანელს თავს დაესხნენ
მაჰაჩყალაში უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ დაღესტნის განყოფილების ხელმძღვანელი, სირაჟუდინ დაციევი სცემეს. ინფორმაციას ანალიზისა და კონფლიქტების აღკვეთის ცენტრის დირექტორი კატერინა სოკირიანსკაია ავრცელებს. მისი ინფორმაციით, უფლებადამცველი ჰოსპიტალიზებულია საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ განყოფილებაში.
სოკირიანსკაიას ცნობით, დავიევს საკუთარ სახლთან დილით დაესხნენ თავს. მას თავში ჩაარტყეს და სასტიკად სცემეს. თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მანქანით მიიმალნენ.
მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთში „მემორიალის“ განყოფილების ხელმძღვანელი ოიუბ ტიტიევი დააკავეს, ორგანიზაციის დაღესტნის ოფისის თანამშრომლებმა არაერთი მუქარა მიიღეს.
ოიუბ ტიტიევი იანვარში ნარკოტიკის შენახვის ბრალდებით დააკავეს. უფლებადამცველების მტკიცებით, მისი საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. რუსეთის ხელისუფლებას ტიტიევის გათავისუფლებისკენ წამყვანმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა მოუწოდეს.
ოიუბ ტიტიევმა ორგანიზაცია “მემორიალის” ჩეჩნეთის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობა 2009 წელს ნატალია ესტემიროვას მკვლელობის შემდეგ დაიკავა.
ჩეჩნეთში უფლებადამცველის გატაცების და მკვლელობის საქმე დღემდე გაუხსნელია.