მაგისტრალურ გაზსადენზე ავარიის გამო, აჭარაში გაზმომარაგება 22:00 საათიდან შეწყდება
მაგისტრალურ გაზსადენზე ავარიის გამო, აჭარაში გაზმომარაგება 22:00 საათიდან შეწყდება

მაგისტრალურ გაზსადენზე მომხდარი ავარიის გამო, დღეს 22:00 საათიდან აჭარის რეგიონს მთლიანად შეუწყდება გაზმომარაგება.

როგორც „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონულ ოფისში განაცხადეს, შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ავარიის შესახებ მათ გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ აცნობა. დაზიანებულია მაგისტრალის ის ნაწილი, საიდანაც აჭარა მარაგდება.

„ამჯერად აჭარა მარაგდება მილსადენში დარჩენილი ბუნებრივი აირით, რომელიც 2-3 საათი გვეყოფა. ჯერ არ ვიცით ავარიის მასშტაბი. გაზის ტრანსპორტირების კომპანიიდან გვაცნობეს, რომ შემთხვევის ადგილზე უკვე მიდიან ბრიგადები, ადგილის შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენ ხანში იქნება შესაძლებელი გაზის მიწოდების აღდგენა“, – განაცხადა პირველ არხთან „სოკარ ჯორჯია გაზის“ აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა დავით ლეკიშვილმა.

ოფისში იმედი აქვთ, რომ დაზიანებული მაგისტრალის აღდგენა ხვალ დილისთვის მოხერხდება.

„აღდგენითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში დაიწყება, თუმცა აჭარის 80 ათასი აბონენტისთვის გაზის მიწოდების აღდგენას ორნახევარი დღე დასჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ ხვალ დილამდე დაზიანებული მონაკვეთი აღდგა, დილიდან ეტაპობრივად დავიწყებთ გაზის მიწოდების აღდგენას“ – განაცხადა დავით ლეკიშვილმა.