მაღაზიების მეპატრონეების განცხადებით, თითოეული მათგანის ზარალი 20 000 ლარს გადააჭარბებს
მაღაზიების მეპატრონეების განცხადებით, თითოეული მათგანის ზარალი 20 000 ლარს გადააჭარბებს

ცაბაძის ქუჩაზე იმყოფებიან ადამიანები, რომლებსაც ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე მაღაზიები აქვთ. მათ ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, გადაურჩა თუ არა მათი საქონელი ხანძარს.

დაზარალებულებმა რამდენჯერმე სცადეს ცეცხლმოკიდებულ შენობაში შესვლა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.

დაზარალებულები აცხადებენ, რომ შენობაში ტანსაცმლისა და პროდუქტების მაღაზიები ჰქონდათ.

მაღაზიების მეპატრონეთა უმეტესობა აცხადებს, რომ საქონელი დაზღვეული არ ჰქონდათ.

რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზს, დაზარალებულები გამორიცხავენ, რომ ხანძარი ელექტროგაყვანილობას გამოეწვია, რადგან, მათი ინფორმაციით, სადენები მთელ ტერიტორიაზე რამდენიმე თვის წინ შეცვალეს. დაზარალებულები ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენას არ გამორიცხავენ.

დაზარალებულთა უმეტესობა ამბობს, რომ თუ მათი მაღაზიები დაიწვა, ზარალი 20 000 ლარზე მეტი იქნება.

ცაბაძის ქუჩაზე, ბაზრობა „თერგის“ ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე საათის წინ გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია და ამ დროისთვის ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს.