მაღალმთიანი აჭარის სოფლებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწია [ფოტო]
მაღალმთიანი აჭარის სოფლების ნაწილში თოვლის საფარის სიმაღლე ერთ მეტრს აღწევს.
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის გზებზე განსაკუთრებული შეფერხებები არ ფიქსირდება. გაწმენდითი სამუშაოები გუშინ გვიან ღამით დაიწყო.
ამასთან, ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების დეპარტამენტის 14 და ხულოს მერიის ორი ერთეული მძიმე ტექნიკა მუშაობს გზების გაწმენდის მიზნით.
საავტომობილო მოძრაობა დასაშვებია კურორტ გოდერძის მიმართულებით მაღალი გამავლობის ავტომობილებით. აგრეთვე, ინტენსიურად იწმინდება ადმინისტრაციულ ერთეულებთან მისასვლელი გზები, სადაც მოძრაობა დღის პირველ ნახევარში სრულად აღდგება.
ამასთან, უწყების ცნობით, შუახევის მუნიციპალიტეტში უჩამბა-წაბლანის გზაზე ზვავი ჩამოწვა, თუმცა პრობლემა აღმოფხვრილია. შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალ ზონებში თოვლის საფარის სიმაღლე ერთ მეტრს აჭარბებს. გზის წმენდა მიმდინარეობს გომარდულის, დარჩიძეების, შუბნის, ჩირუხის, გორი-პაპოშვილები-მახალაკიძეების, ხიჭაური-ნაღვარევის მიმართულებით.
ასევე, ამ დროისთვის, სამი მიმართულებით იწმინდება გზები ქედის მუნიციპალიტეტში: ქედა-მერისი-ნამონასტრევი, დანდალო-ხარაულა-ტაკიძეები-არძენაძეები და ქედა-ოქტომბერი-გოგინიძეები.