მაღალი ტემპერატურის გამო, საბერძნეთის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მუშაობისა და მოგზაურობისგან
მაღალი ტემპერატურის გამო, საბერძნეთის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე მუშაობისა და მოგზაურობისგან.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ათენში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს შეადგენს. ძლიერი სიცხის გამო საბერძნეთის დედაქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა აკროპოლისი დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში რამდენიმე საათით დაიხურება.
ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებით, შემდეგი კვირის დასაწყისში ქვეყნის ტერიტორიის ძირითად ნაწილში ჰაერის ტემპერატურა 44 გრადუსს მიაღწევს.
„ბოლო წლებში ჩვენ მუდმივად ვაფიქსირებთ ტემპერატურის მაქსიმალურ რეკორდებს, ეს ნიშნავს, რომ კლიმატის ცვლილება უკვე დადგა. ჩვენ ველოდებით, რომ სიცხე უფრო ხშირი და ძლიერი იქნება“, – განაცხადა ათენის აკადემიის ატმოსფერული ფიზიკისა და კლიმატოლოგიის ცენტრის მკვლევარმა სტავროს სოლომოსმა.