მაგდალენა ანდერსონი - თურქეთმა გამოთქვა გარკვეული წუხილი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებაზე, ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს, იმედი მაქვს, დიალოგი წარმატებული იქნება
თურქეთმა გამოთქვა გარკვეული წუხილი ფინეთისა და შვედეთის აპლიკაციებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს, ეს იყო კარგი და კონსტრუქციული საუბარი, იმედი მაქვს, რომ ეს დიალოგი წარმატებული იქნება, – ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა განაცხადა.
მაგდალენა ანდერსონის თქმით, უსაფრთხოების გაძლიერება ნიშნავს სხვებთან თანამშრომლობას, ამიტომ შვედეთმა გადაწყვიტა ნატო-ს მოკავშირე გახდეს, რადგან რუსეთის ომმა გაცილებით საშიში რეალობა შექმნა ევროპაში, მათ შორის შვედეთისთვის.
„ოთხი თვეა, რაც რუსეთმა განახორციელა არაპროვოცირებული და უკანონო ომი თავისი მეზობლის, მშვიდობიანი და დემოკრატიული უკრაინის წინააღმდეგ. რუსეთს იმედი აქვს, რომ ჩვენ ყურადღებას გადავიტანთ, მაგრამ მე ვუთხარი პრეზიდენტ ზელენსკის გასულ კვირას, რომ უკრაინელი ხალხის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა არ უნდა შესუსტდეს და არ შესუსტდება, რადგან ეს ომი არ არის მხოლოდ უკრაინის საფრთხე. რუსეთის ომმა გაცილებით უფრო საშიში რეალობა შექმნა ევროპაში, მათ შორის შვედეთისთვის. ევროპის უსაფრთხოების დღის წესრიგის ეს ეგზისტენციური საფრთხე კიდევ დიდხანს იქნება და ჩვენ შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ. შვედეთში უსაფრთხოების შესაძლებლობების კუთხით 50-იანი წლების შემდეგ ყველაზე დიდი ცვლილებები გვაქვს, შვედეთი მთლიანი შიდა პროდუქტის ორ პროცენტს მიაღწევს, რამდენად სწრაფადაც არის ეს შესაძლებელი, მაგრამ ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი, უსაფრთხოების გაძლიერება ნიშნავს სხვებთან თანამშრომლობას, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა განხილვა პარლამენტში და უმრავლესობით შევთანხმდით, რომ შვედეთის და შვედი მოქალაქეების დასაცავად არ არის საკმარისი, რომ ვიყოთ ნატო-ს მხოლოდ მეგობარი, არამედ საჭიროა, რომ ვიყოთ მოკავშირე. მაისში ჩვენს უახლოეს პარტნიორთან, ფინეთთან ერთად შევიტანეთ განაცხადი წევრობაზე. თურქეთმა გამოთქვა გარკვეული წუხილი ფინეთისა და შვედეთის აპლიკაციებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ ვესაუბრე პრეზიდენტ ერდოღანს, ვიტყოდი, რომ ეს იყო კარგი და კონსტრუქციული საუბარი. დღეს, შვედეთის, ფინეთისა და თურქეთის ოფიციალური პირები ერთმანეთს ბრიუსელში შეხვდნენ მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის. იმედი მაქვს, რომ ეს დიალოგი წარმატებული იქნება“, – განაცხადა მაგდალენა ანდერსონმა.