მაფიოზური კლანების დაფინანსებაში ეჭვმიტანილი რუსი დეპუტატის საქმეს მადრიდის სასამართლო განიხილავს
მაფიოზური კლანების დაფინანსებაში ეჭვმიტანილი რუსი დეპუტატის საქმეს მადრიდის სასამართლო განიხილავს

რუსი დეპუტატის, ვლადისლავ რეზნიკისა და კიდევ 17 ეჭვმიტანილის საქმეს მადრიდის სასამართლო განიხილავს.

ბრალდება რუსული მაფიოზური კლანებისთვის ფულის მასობრივად გადარიცხვას შეეხება.

სავარაუდო კლანების ლიდერები გენადი პეტროვი და ალექსანდერ მალიშევი, გავრცელებული ცნობებით, რუსეთში იმყოფებიან.

ეჭვმიტანილთა ნაწილს, მედიის ცნობით, სავარაუდოდ რუსეთის მთავრობასთან აქვს კავშირები.

რეზნიკმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ პროცესზე გამოცხადდა, რათა საკუთარი უდანაშაულობა დაამტკიცოს.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთა სიაში კიდევ ხუთი ესპანელია, რომლებიც სავარაუდოდ რუს კრიმინალებს ეხმარებოდნენ.

საქმე 2008 წელს აღიძრა, როცა ესპანეთის პოლიციამ „ოპერაცია ტროიკა“ ჩაატარა და რუსული მაფიის 20 ეჭვმიტანილი დააკავა.

რეზნიკი, რომლის მეუღლე დიანა გინდინიც ბრალდებულთა სიაშია, მანამდე რუსეთის პარლამენტის ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარე იყო. ის რუსეთის მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრია.