მადრიდში ყოფილ კატალონიელ პოლიტიკოსს სახეში ესროლეს. როგორც „პოლიტიკო“ იუწყება, კატალონიის სახალხო პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, ალეხო ვიდალ-კვადრასს ესპანეთის დედაქალაქის ცენტრში, სალამანკას რაიონში ესროლეს და ყბის არეში დაიჭრა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილი, სადაც ინციდენტი მოხდა, პოლიციას გადაკეტილი აქვს. ჯერ მომხდართან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ. გავრცელებული ცნობით, პოლიტიკოსს მოტოციკლით მოძრავმა პირმა ესროლა.
ალეხო ვიდალ-კვადრასი კატალონიის სახლახო პარტიას 1991 წლიდან 1996 წლამდე ხელმძღვანელობდა. 2014 წლამდე ის ასევე ევროპარლამენტის დეპუტატი იყო.
ცნობისთვის, ესპანეთში ახლა ვითარება დაძაბულია. მიზეზი კი, სოციალისტურ პარტიასა და კატალონიის სეპარატისტულ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმებაა, რაც ითვალისწინებს 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის საკითხზე გამართული რეფერენდუმის ორგანიზატორების ამნისტიას. გავრცელებული ცნობით, ამნისტიის კანონი, რომელიც მომდევნო კვირას უნდა წარადგინონ პარლამენტში, 1 500 ადამიანის ამნისტიას ითვალისწინებს.
პოტენციურ ამნისტიას ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებლის, პედრო სანჩესის კონსერვატორი ოპონენტები აპროტესტებენ. ისინი პედრო სანჩესს პოლიტიკური სარგებლის მისაღებად და მთავრობის მეთაურის თანამდებობის შესანარჩუნებლად კანონის უზენაესობის პრინციპის უგულვებელყოფაში ადანაშაულებენ.
ცნობისთვის, ესპანეთი უკვე მრავალი თვეა, მთავრობის გარეშეა, რადგანაც არჩევნების შედეგად ვერც მემარჯვენე და ვერც მემარცხენე პარტიებმა ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისთვის საჭირო ხმები ვერ დააგროვეს.
კატალონიის სეპარატისულ პარტიებთან შეთანხმების შემდეგ, სოციალისტური პარტია აპირებს, პრემიერ-მინისტრად პედრო სანჩესი წარადგინოს.