მადრიდში უცნობი პირი სერბეთის ელჩს, ირენა სარაკს თავს დაესხა. მედიის ინფორმაციით, თავდასხმა მადრიდის ცენტრში, იმ ქუჩაზე განხორციელდა, სადაც სერბეთის ელჩი ცხოვრობს.
მედიის ცნობით, თავდამსხმელის საუბრიდან გამომდინარე, თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ ის ალბანური წარმოშობისაა. ამასთან, ჩვენებაში თვითმხილველები ამბობენ, რომ მამაკაცი ირენა სარაკს მიუახლოვდა, რომელიც ტელეფონზე სერბულად საუბრობდა, ჰკითხა მას, იყო თუ არა სერბეთიდან, შემდეგ ზურგში ფეხი დაარტყა და გაიქცა.
რამდენიმე მოწმემ უშედეგოდ სცადა თავდამსხმელის დაჭერა. პოლიცია მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.
შემთხვევა დაგმო სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარკო ჯურიჩმა.
„მე მკაცრად ვგმობ ფიზიკურ თავდასხმას ელჩზე, რომელიც მადრიდის ცენტრში განხორციელდა. ჩვენ მოვითხოვთ სრულ გამოძიებას და პასუხისმგებლობის დაკისრებას ამ აღმაშფოთებელი ინციდენტისა და ძალადობის აქტისთვის ჩვენი ქვეყნის უმაღლესი დიპლომატიური წარმომადგენლის წინააღმდეგ“, – განაცხადა მარკო ჯურიჩმა.