მადრიდის რეგიონული ხელისუფლება კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად არმიის დახმარებას ითხოვს
მადრიდის რეგიონული ხელისუფლება კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად არმიის დახმარებას ითხოვს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ გვჭირდება არმიის დახმარება დეზინფექციისთვის, ასევე ადგილობრივი პოლიციისა და სამართალდამცველი ორგანოების გასაძლიერებლად“, – განაცხადა მადრიდის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, იზაბელ დიას აიუსომ პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან გამართული შეხვედრის შემდეგ. იზაბელ დიას აიუსომ ასევე მოითხოვა საველე ჰოსპიტლების კვლავ მოწყობა.
მანამდე მადრიდის რამდენიმე რაიონში კარანტინი გამოცხადდა, რაც 850 000-მდე ადამიანს შეეხო.
მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მნიშვნელოვანად მოიმატა. ბოლო რამდენიმე დღეა, ესპანეთში კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 000-ს აღემატება. ქვეყანაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის სულ 670 000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა რიცხვი 30 663-ს შეადგენს.
პანდემიის პირველი ტალღის პიკის დროს, მარტსა და აპრილში ესპანეთის ხელისუფლებამ დაავადების გავრცელების შესაკავებლად რეგიონული ხელისუფლებების დასახმარებლად ათასობით სამხედროს მობილიზება მოახდინა.