მადრიდის რეგიონული ხელისუფლება კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად არმიის დახმარებას ითხოვს

01:57, 22.09.2020

მადრიდის რეგიონული ხელისუფლება კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად არმიის დახმარებას ითხოვს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ჩვენ გვჭირდება არმიის დახმარება დეზინფექციისთვის, ასევე ადგილობრივი პოლიციისა და სამართალდამცველი ორგანოების გასაძლიერებლად“, – განაცხადა მადრიდის რეგიონულმა ხელმძღვანელმა, იზაბელ დიას აიუსომ პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან გამართული შეხვედრის შემდეგ. იზაბელ დიას აიუსომ ასევე მოითხოვა საველე ჰოსპიტლების კვლავ მოწყობა.

მანამდე მადრიდის რამდენიმე რაიონში კარანტინი გამოცხადდა, რაც 850 000-მდე ადამიანს შეეხო.

მოქალაქეებისთვის გადაადგილების შეზღუდვა მთავრობამ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ესპანეთში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა მნიშვნელოვანად მოიმატა. ბოლო რამდენიმე დღეა, ესპანეთში კორონავირუსის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 000-ს აღემატება. ქვეყანაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის სულ 670 000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა რიცხვი 30 663-ს შეადგენს.

პანდემიის პირველი ტალღის პიკის დროს, მარტსა და აპრილში ესპანეთის ხელისუფლებამ დაავადების გავრცელების შესაკავებლად რეგიონული ხელისუფლებების დასახმარებლად ათასობით სამხედროს მობილიზება მოახდინა.

მსგავსი