მადაგასკარზე დინოზავრების ციცქნა წინაპარი აღმოაჩინეს — #1TVმეცნიერება
მისი სახელია Kongonaphon kely, რაც „ხოჭოების ციცქნა მმუსვრელს“ ნიშნავს და ის დაახლოებით ყავის ფინჯნის ზომის იყო. თუმცა, ამ პატარა არსებამ ნამდვილად დიდ რამეს დაუდო სათავე, ძალიან დიდს.
ხოჭოების ციცქნა მმუსვრელი მადაგასკარზე დაახლოებით 237 მილიონი წლის წინ ბინადრობდა, ცარცულ პერიოდში; სიმაღლეში სულ რაღაც 10 სანტიმეტრი იყო. გარდა ამისა, მეცნიერები ფიქრობენ, რომ K. kely მიეკუთვნებოდა ავემეტატარზალიების უძველეს ჯგუფს — დინოზავრებისა და პტეროზავრების უკანასკნელ საერთო წინაპარს.
„არსებობს ზოგადი აღქმა, რომ დინოზავრები გიგანტები იყვნენ. თუმცა, ეს ახალი ცხოველი ძალიან ახლოს არის დინოზავრებისა და პტეროზავრების გზაგასაყართან, გარდა ამისა, ის შოკისმომგვრელად პატარაა“, — ამბობს ჩრდილოეთ კაროლინას ბუნების ისტორიის მუზეუმის პალეონტოლოგი კრისტიან კამერერი.
როგორ განვითარდნენ ეს კოლოსალური არსებები ასეთი მოკრძალებული ქმნილებებისგან? ამაზე პასუხი მკაფიო არასოდეს ყოფილა, რადგან ამ დრომდე აღმოჩენილი და შესწავლილია ავემეტატარზალიების ხაზის რამდენიმე ეგზემპლარი.
სწორედ ამიტომ არის ხოჭოების ციცქნა მმუსვრელის ძვლების აღმოჩენა ასე მნიშვნელოვანი. პირველად ისინი 1998 წელს საველე სამუშაოების დროს აღმოაჩინეს სამხრეთ-დასავლეთ მადაგასკარზე, ასობით სხვა უძველესი სახეობის ნაშთებთან ერთად.
ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმის პალეონტოლოგის, ჯონ ფლინის განცხადებით, ამ ძვლებზე ფოკუსირებისთვის გარკვეული დრო დასჭირდათ, მაგრამ როდესაც ეს გააკეთეს, აშკარა გახდა, რომ მათ წინაშე იყო რაღაც უნიკალური და მისი დეტალურად შესწავლა ნამდვილად ღირდა.
K. kely ჩვენთვის ცნობილი ყველაზე პატარა სახეობაა ლაგერპეტიდების სახელით ცნობილ ადრეულ დინოზავრომორფების ოჯახში. ავემეტატარზალიების ეს ადრეული ეგზემპლარები ცნობილია პატარა ზომებით, მაგრამ ბოლოდროინდელი აღმოჩენების, თუნდაც ხოჭოების ციცქნა მმუსვრელის აღმოჩენის შემდეგ, მკვლევრებს გაუჩნდათ იდეა, რომ აღმოჩენილ ეგზემპლართა ასეთი სიპატარავე შემთხვევითი არ არის.
„მიუხედავად იმისა, რომ დინოზავრები და გიგანტიზმი პრაქტიკულად სინონიმებია, დინოზავრებისა და სხვა არქეოზავრების სხეულის ზომის ევოლუციის ანალიზები ამ ტაქსონისა და სხვა მონათესავე ფორმების მაგალითზე აჩვენებს, რომ ამ ჯგუფის ადრეული განშტოებადი წევრები შეიძლება იმაზე პატარები იყვნენ, ვიდრე აქამდე გვეგონა; რომ ღრმა მინიატურიზაციის მოვლენა მოხდა მფრინავი დინოზავრების ხაზის საფუძვლის სიახლოვეს“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.
ჯგუფის განცხადებით, ამ მოსაზრების მხარდამჭერ მტკიცებულებას წარმოადგენს ხოჭოების ციცქნა მმუსვრელის კბილები და მათზე არსებული ნაცვეთები, რაც მიუთითებს უხეშგარსიანი მწერებისგან შემდგარ კვების რაციონზე. თუ მართლაც ასეა, შესაძლებელია, რომ ეს პატარა დინოზავრები და პტეროზავრი წინაპრები მოერგნენ თავიანთ პაწაწინა ჩარჩოებს, რათა შეჭრილიყვნენ რესურსების იმ ზონებში, რომლებიც მანამდე არქეოზავრებს ჰქონდათ ოკუპირებული; ეს გახლავთ ევოლუციური უპირატესობის ერთ-ერთი სახე.
ასევე შესაძლებელია, რომ ასეთი პატარა ტანის მიღება K. kely-სა და მის არქეოზავრ თანამოძმეებს დაეხმარა სხვა თვისებების გახსნასა და განვითარებაში, რაც მათი შთამომავლების გადარჩენის დედაბოძი გახდა. მკვლევართა ვარაუდით, ამ თვისებებს შორის უნდა ყოფილიყო ინოვაციები ორ ფეხზე მოძრაობაში, სხეულის გამათბობელი ღინღლების წარმოქმნა და ფრენის დაწყებაც კი.
რა თქმა უნდა, ამ ყველაფრით ხოჭოების ციცქნა მმსუვრელი თავად ვერ სარგებლობდა, მაგრამ ეს ყველაფერი ამბიციურ შთამომავლებს უბოძა.
კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია amnh.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.