ლვოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა
ლვოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვია, 38 მოქალაქე კი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაქსიმ კოზიცკი, ლვოვის მერი ანდრეი სადოვოი და ლვოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატი იგორ ზინკევიჩი ავრცელებენ.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მსხვერპლთა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
ლვოვის საქალაქო საბჭოს დეპუტატმა, იგორ ზინკევიჩმა განაცხადა, რომ ქალაქის ცენტრში 50-ზე მეტი სახლია დაზიანებული, მათგან ექვსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება. გარდა ამისა, დაზიანდა ორი სამედიცინო დაწესებულება და ორი სკოლის შენობა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც თავდასხმის შედეგებია ასახული. მან უკრაინის პარტნიორებს შეახსენა კიევისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების და შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდების მნიშვნელობა.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინას რუსეთის სიღრმეში დარტყმების უფლება უნდა მისცენ.
„ჩვენი ყველა პარტნიორი მსოფლიოში, რომელიც უკრაინას საჰაერო თავდაცვით ეხმარება, სიცოცხლის ნამდვილი დამცველია. და ყველა, ვინც პარტნიორებს არწმუნებს, რომ უკრაინას მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი გადასცენ სამართლიანი პასუხისთვის, მუშაობს იმისთვის, რომ არ დაუშვას სწორედ ასეთი რუსული ტერორისტული დარტყმები უკრაინულ ქალაქებზე. ტერორი უნდა შეჩერდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.