ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი - პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა
პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ასელბორნმა განაცხადა.
ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობის წესები უნდა აუხსნას.
„პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში, როდესაც ვიზალიბერალიზაცია არის არა მოთხოვნა, არამედ რეალობა. ჩვენ როცა თქვენს ქვეყნებში ჩამოვდივართ, გვინდა გულახდილნი ვიყოთ და გულწრფელად გაჩვენოთ, როგორ ვცხოვრობთ ჩვენი ნეგატიური და პოლიტიკური ნაწილით. ევროკავშირი არის ორგანიზაცია, რომელიც 28 ქვეყანას თავის მრავალფეროვნებით აერთიანებს. ევროკავშირი მხოლოდ ბრიუსელი არ არის, ის ბევრად უფრო მეტია. ბევრი ადამიანი მოდის ევროპის კავშირში ვიზის გარეშე.
ლუქსემბურგში ადამიანების დიდი რაოდენობა ჩამოვიდა ვიზის გარეშე და შემდეგ მოითხოვა თავშესაფარი. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლებაზე არის დამოკიდებული, თქვენმა მთავრობამ მოქალაქეებს უნდა აუხსნას ევროპაში მოგზაურობის წესები და თავშესაფრის მინიჭების პროცედურა როგორია ისეთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, როგორიც საქართველოა, სადაც ადამიანის უფლებების დარღვევა არ ხდება.
თუ ძალიან შორს წავალთ, არა მხოლოდ საქართველოსთან მიმართებაში, არამედ სხვა ქვეყნების შემთხვევაშიც, ევროკავშირს რეაგირება მოუწევს“,- განაცხადა ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.