ლუკა წულუკიძის თამაშით გერმანული „კარლსრუე“ დაინტერესდა - „საბურთალოს“ აღზრდილი ზაფხულს დაელოდება [ვიდეო] #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, რომ გერმანიის მეორე ბუნდესლიგის „კარლსრუეში“ სტაჟირებაზე იმყოფებოდა – „საბურთალოს“ და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების 18 წლის ნიჭიერი მოთამაშე ლუკა წულუკიძე, რომლის ტრანსფერიც, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

ლუკა წულუკიძე „კარლსრუეში“ მოეწონათ და დიდი ალბათობით, კონტრაქტი ზაფხულში გაფორმდება. ამჟამად კი ლუკა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ისრაელში იმყოფება, სადაც პირველ თამაშში ჰეთ-თრიქი შეასრულა და გუნდს 3:2 მოაგებინა.

საქართველოს პირველ არხთან კომენტარი გააკეთა „საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, კახა კაშიამ.

„ჩვენი კლუბის აღზრდილი ფეხბურთელისადმი ასეთი ცნობილი კლუბის დაინტერესება გვახარებს. ლუკა „კარლსრუეში“ სტაჟირებაზე იყო და იმედია, ევროპულ გზას ისევე გაიკვლევს, როგორც ჩვენი ბევრი აღზრდილი. მას წარმატებებს ვუსურვებ. „საბურთალო“ თავის კურსს არ ღალატობს და უახლოეს ხანებში კიდევ გაიგებთ, რომ ევროპულ კლუბებში სხვა ახალგაზრდებიც წავლენ. ასე მაგალითად, ჯიმი ტაბიძე სტაჟირებაზე „რეალსა“ და „ლივერპულში“ იმყოფებოდა,“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან კახა კაშიამ.

ლუკა წულუკიძე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია, მთავარ გუნდში სადებიუტო შეხვედრა 29 ნოემბერს, ეროვნულ ლიგაში 35-ე ტურში ქობულეთში „შუქურასთან“ ჩაატარა. „საბურთალომ“ ის მატჩი 17 წლის დებიუტანტის საგოლე პასით და გადამწყვეტი გოლით 2:1 მოიგო. ის იყო საქართველოს 15, 16 და 17 წლამდე ნაკრებების წევრი, ამჟამად კი 19-წლამდელებთან ერთად ელიტ რაუნდისთვის ემზადება.