ლუკ კოფი - არ ვარ მზად ვთქვა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზას აღარ ადგას, ამის არ მჯერა
ნებისმიერი გონიერი დამკვირვებელი, ვინც ამ მოვლენებს უყურებს, განსაკუთრებით კი იმას, როგორ მოხდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სათავო ოფისში შესვლა და მისი ლიდერის დაკავება, შეშფოთებულია, – აცხადებს „ჰერიტიჯის ფონდის“ მკვლევარი ლუკ კოფი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას.
ლუკ კოფი ამბობს, რომ მიუხედავად პრობლემებისა, მთავარი შეცდომების აღიარება და მათი დროულად გამოსწორებაა იმისთვის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები არ დაზიანდეს.
„მე არ ვარ მზად ვთქვა, რომ საქართველო ევროატლანტიკურ გზას აღარ ადგას, ამის არ მჯერა. ვფიქრობ, ყველა დემოკრატიას აქვს აღმასვლა და დაღმასვლა. ჩვენ ვნახეთ, რა მოხდა 6 იანვარს ამერიკაში, ჩვენ გამუდმებით ვსწავლობთ შეცდომებზე. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ეს შეცდომები ხდება, ვაღიაროთ და ვცადოთ გამოვასწოროთ ისინი. ამის ნახვას ვისურვებდი. საქართველოში განსხვავებული პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის უნდა იყოს გულწრფელი დიალოგი იმისათვის, რომ ამ ჩიხიდან გამოსვლა გახდეს შესაძლებელი“, – განმარტავს მკვლევარი.
კოფი „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას აშშ-ის შესაძლო როლზე საუბრობს და ამბობს, რომ მართალია ამერიკის საელჩოს მიერ არაერთი განცხადება გაკეთდა, მაგრამ უფრო აქტიური ჩართულობაა საჭირო. მისი აზრით, სახელმწიფო მდივანი ქვეყანას უნდა ეწვიოს.
„ვფიქრობ, სამხრეთ კავკასიაში ამერიკის ლიდერობის დროა და ვისურვებდი მენახა, რომ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თვითმფრინავში ჩაჯდეს და წავიდეს თბილისში, გამოიყენოს ის გავლენა, რაც ამერიკის სახელმწიფო მდივანს აქვს იმისთვის, რომ დაეხმაროს ჩვენს მოკავშირეებს, პარტნიორებს, მეგობრებს საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს ერთმანეთთან გულწრფელი დიალოგისთვის. ამერიკელები ვერ გადაჭრიან საქართველოს ნაცვლად მის პრობლემებს, მაგრამ შეგვიძლია ჩვენს მეგობარ საქართველოს დავეხმაროთ სიტუაციის გაუმჯობესებაში“, – ამბობს კოფი.
ლუკ კოფის თქმით, პირველი ნაბიჯის ნახვას მთავრობის მხრიდან ისურვებდა. ლუკ კოფი ოპოზიციას ასევე პასუხისმგებლიანი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
„ჩემთვის ნათელია, რომ მთავრობას არ სურს ამჟამად რაიმე ტიპის კომპრომისი ან მოლაპარაკება, ან არსებითი დიალოგი ოპოზიციასთან, მაგრამ არსებობს ალბათ იგივე არგუმენტი ოპოზიციის მისამართითაც, რომლის წევრებმაც პარლამენტის ბოიკოტირება გადაწყვიტეს. ორივე მხარე პასუხისმგებელია იმ ჩიხზე, რომლის პირისპირაც ახლა ვართ“, – ამბობს ლუკ კოფი, თუმცა იქვე დასძენს, რომ „უმთავრესი ოპოზიციური პარტიის ოფისის შტურმი და ცრემლმდენი გაზის გამოყენება ძალიან მძიმე სანახავი იყო და სავარაუდოდ, იგივე ძალები არ იქნებოდა მობილიზებული რიგითი ქართველის დასაკავებლად, რომელმაც ელექტრონული სამაჯური მოიხსნა. და მაშინაც კი, თუკი ნაბიჯები კანონის ფარგლებში გადაიდგა, არ ნიშნავს, რომ ეს მართებული იყო და რომ უკეთესი გამოსავალი არ არსებობდა“.
„ვფიქრობ, ორივე მხარემ უნდა გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ. მაგრამ მართლაც მიმაჩნია, რომ მთავრობის პასუხისმგებლობა და ვალდებულებაა, გადადგას პირველი ნაბიჯი შერიგებისკენ. იმიტომ, რომ მათ აქვთ ძალაუფლება, კონტროლი და წვდომა ხელისუფლებისა და სახელმწიფოს ყველა შესაძლებლობაზე. ეს მათი მოვალეობაა, რომ მიმართონ ოპოზიციას და სცადონ სიტუაციის დეესკალაცია. მაგრამ როდესაც ისინი ამას გააკეთებენ, ასევე თანაბრად მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ მიიღოს ეს მოწვევა კომპრომისისა და შერიგებისკენ. თუმცა არ მგონია, რომელიღაც მხარე ახლა ამისთვის მზა პოზიციაშია“, – ამბობს კოფი.
კოფი აცხადებს, რომ მას ამერიკის უფრო მეტი ჩართულობის იმედი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკის გუნდი ადმინისტრაციაში ჯერ სრულად არც კი არის დაკომპლექტებული. მისი აზრით, ამას საქართველოსა და ამერიკის განსაკუთრებული ურთიერთობა ნამდვილად იმსახურებს.
„საქართველო ამერიკის საკმაოდ მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარია საიმისოდ, რომ თავი ქვიშაში ჩავრგოთ და თავი მოვიკატუნოთ, თითქოს არ არის მიმდინარე პრობლემა. საქართველოში არის პრობლემა – ამაში საკმარისი ბრალი მიუძღვის ყველა მხარეს, მაგრამ პრობლემა ნამდვილად არსებობს და ამერიკას ეს უნდა აშფოთებდეს“, – ამბობს ლუკ კოფი.