ლუიზა ვინტონი - მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემა კიდევ ერთი ოქროს ვარსკვლავია დემოკრატიული რეფორმების გზაზე
UNDP-ისთვის დიდი პატივია მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემის შექმნის პროცესში მონაწილეობა, არა მხოლოდ საქართველოში ადგილობრივ დონეზე, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით, რადგან ყოველივე ეს საქართველოსთვის წარმოადგენს კიდევ ერთ ოქროს ვარსკვლავს დემოკრატიული რეფორმების გზაზე, – ამის შესახებ UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ლუიზა ვინტონმა პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის განახლებული სისტემის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომელიც, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციის ინიციატივით გაიმართა.
მისივე შეფასებით, სტრატეგიული დოკუმენტების, მონიტორინგის და კოორდინირების ახალი მიდგომის სპეციფიკა უნიკალური მიღწევაა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ეს კონკრეტული რეფორმა, როგორც ბევრად უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმის შემადგენელი ნაწილი. საჯარო მომსახურების, ადმინისტრირების რეფორმა საკვანძო ნაწილია პრემიერ-მინისტრის მიერ გატარებული ბევრად უფრო ფართო რეფორმისა. ეს საკვანძო ელემენტი მორგებულია კომპლექსურობაზე,“- აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.
UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვა რეფორმების პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სტრატეგია ვერ ამუშავდება, თუკი მათ შექმნასა და განხორციელებაში არ მონაწილეობენ მოქალაქეები, ადამიანები, რომელთათვისაც უშუალოდ ეს სტრატეგიებია განკუთვნილი.
„სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ის ფაქტი, რომ საზოგადოების მონაწილეობა ხსენებული პროცესის სავალდებულო კომპონენტია. ამისთვის ჩვენ ძალიან მადლიერნი ვართ. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, ვაქციოთ მთლიანად ეს პროცესი ეფექტიან ელექტრონულ სისტემად. ხშირად, ცნება „ელექტრონული“ მირაჟად გვეჩვენება – იგი ძალიან ლამაზია, მაგრამ სადღაც შორს მდებარეობს, მიუწვდომელია და რთულია ხალხის ჩართვა მის მუშაობაში. ეს კიდევ ერთი საკითხია, რომელზეც მუშაობა წარმოადგენს ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ურყევ გადაწყვეტილებას,“- განაცხადა UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.
პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის პრეზენტაცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა გახსნა. ღონისძიების ძირითადი მიზანი იყო ფართო საზოგადოებისთვის 2019 წლის 20 დეკემბრის საქართველოს მთავრობის #629 დადგენილებით მიღებული სიახლეების გაცნობა – პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის სისტემის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით.