ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გუშინ გამოკვლეული 37 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გუშინ გამოკვლეული 37 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, გლობალურად, ყველა ქვეყანაში კორონავირუსის 87 000 შემთხვევაა დაფიქსირებული.

„რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი გახლავთ ჩინეთში, მაგრამ სერიოზულად მომატებულია რაოდენობა სამხრეთ კორეაში, იტალიაში უკვე გადასცდა 1000-სს. კარგია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ უკვე 43000-ს მიაღწია მთლიანად და სიკვდილიანობა დაახლოებით 2 900-ია“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება საქართველოს, გამყრელიძის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, საერთო ჯამში გამოკვლეულია 130 შესაძლო შემთხვევა და დადასტურებულია სამი შემთხვევა.

„გუშინ დამატებით იქნა გამოკვლეული 37 შემთხვევა. ყველა გახლდათ უარყოფითი. მოგეხსენებათ, გუშინ დილით ჩვენ დავადასტურეთ ერთი მესამე დადებითი შემთხვევა. ანუ ერთიანად, საქართველოში ჩვენ გვქონდა 130 შესაძლო შემთხვევა და დადასტურებულია სამი შემთხვევა“ ,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, სამივე პაციენტი არის დაკვირვების ქვეშ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში და მათი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დღეს ლუგარის ცენტრში გადაგზავნილია თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან და ასევე დასავლეთ საქართველოს ინფექციური საავადმყოფოებიდან 24 ნიმუში, რომელთა პასუხი დღის განმავლობაში იქნება.