ავიაკომპანია „ლუფთანზა“ თანამშრომლების დაგეგმილ გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ვებგვერზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ხვალ და ზეგ დაგეგმილი გაფიცვის გამო 1 300 რეისი გადაიდება.
„გაფიცვის გამო გადადებულია 1 300 რეისი, რაც დაახლოებით 180 000 ადამიანს დააზარალებს,“ – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანიის თანამშრომლების გაფიცვა ხვალ დილით დაიწყება. ასევე, დაგეგმილია რამდენიმე აქცია და კომპანია „ლუფთანზას“ სათავო ოფისთან მიტინგის ჩატარება. პროფკავშირი ავიაკომპანიის ხელმძღვანელობისგან შრომით ანაზღაურების პირობების გაუმჯობესებას ითხოვს.
„ლუფთჰანზას“ თანამშრომლები 20 ოქტომბერსაც გაიფიცნენ, რის გამოც ასზე მეტი რეისი გადაიდო.