ლორა თორნტონი - ეკლესიის შეფასება თითქმის 80 პროცენტიდან 56 პროცენტამდეა დაცემული
NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის, ლორა თორნტონის განცხადებით, ეროვნული დონის ინსტიტუტებს შორის ყველაზე კარგად იუსტიციის სახლებს, ჯარსა და ეკლესიას აფასებენ, თუმცა 2015 წლის შემდეგ ეკლესიის შეფასება თითქმის 80 პროცენტიდან 56 პროცენტამდეა დაცემული.
მისივე თქმით, მოქალაქეები ყველაზე ცუდად სასამართლოებსა და პარლამენტის საქმიანობას აფასებენ.
„მოსახლეობის აზრით, ქვეყანაში კორუფციის პრობლემაა. 44 პროცენტის აზრით, კორუფციის პრობლემაა ცენტრალურ ხელისუფლებაში, 35 პროცენტის აზრით – ადგილობრივ ხელისუფლებაში, 29 პროცენტის აზრით კი – სახელმწიფო ინსტიტუტებში (როგორიცაა საჯარო რეესტრი, სახელწიფო საავადმყოფოები, სკოლები და სხვა). მოქალაქეების 63 პროცენტის შეფასებით, 2016 წლის ოქტომბრის შემდეგ საქართველოში კრიმინალის დონე გაზრდილია. მოსახლეობა ხელისუფლების საქმიანობის შეფასებაში გაყოფილია და კვლავაც პოლიტიკურად გადაუწყვეტელია, რაც მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული უკეთესი პოლიტიკის აუცილებლობაზე მიუთითებს,“- განაცხადა თორნტონმა.
მისივე თქმით, კორუფციისა და კრიმინალის ზრდის განცდა და დეზინფორმაციის პრობლემა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი მოსახლეობის ნდობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
აღნიშნული გამოკითხვა 2018 წლის 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი.