„ლონლი პლანეტი“ - პირველ ივლისს საქართველო გახსნის საზღვრებს ზოგიერთ ქვეყანასთან და გაატარებს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ზომებს, რათა დაიცვას მოგზაურები და საკუთარი მოქალაქეები
პირველ ივლისს საქართველო გახსნის საზღვრებს ზოგიერთ ქვეყანასთან და გაატარებს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ რიგ ზომებს, რათა დაიცვას როგორც მოგზაურები, ისე საკუთარი მოქალაქეები, – ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო გამოცემა „ლონლი პლანეტის“ (Lonely Planet) სტატიაში. პუბლიკაციაში ჩამოთვლილია ევროპული სამოგზაურო მიმართულებები, რომლებიც „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს ყველაზე უსაფრთხოდ დასახელდნენ. ჩამონათვალში პირველი საქართველოა.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა დაახლოებით 260-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ყველაზე დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებში.
„მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა ნაკლები რაოდენობა დაფიქსირდა. ქვეყანამ სწრაფად მიიღო საპასუხო ზომები და კვლევის თანახმად, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა დაახლოებით 260-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ყველაზე დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებში. პირველ ივლისს საქართველო გახსნის საზღვრებს ზოგიერთ ქვეყანასთან და გაატარებს ჯანდაცვასთან დაკავშირებულ რიგ ზომებს, რათა დაიცვას როგორც მოგზაურები, ისე საკუთარი მოქალაქეები“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც სტატიის ავტორი წერს, ევროპულმა ქვეყნებმა დაიწყეს თავიანთი საზღვრების გახსნა მას შემდეგ, რაც მოიხსნა კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაწესებული შეზღუდვები. მაგრამ კითხვა მდგომარეობს შემდეგში: რომელიც ტურისტული მიმართულებებია ყველაზე უსაფრთხო პოტენციური მოგზაურებისთვის? სამოგზაურო ვებგვერდმა European Best Destination-მა ახლახან გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღწერილია რამდენიმე შესაფერისი ვარიანტი. ყურადღება გამახვილებულია ვირუსით ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ტურისტულ მიმართულებებზე, რომლებმაც ასევე განახორციელეს ჰიგიენის წესების დაცვასთან დაკავშირებული სპეციალური პროტოკოლები ისეთ ადგილებში, როგორიცაა სასტუმროები, რესტორნები და სავაჭრო ობიექტები.
საქართველოს გარდა, სტატიაში აღწერილია საბერძნეთი, პორტუგალია, ხორვატია, რუმინეთი.