ლონდონში უცნობი პირი უკრაინის ელჩის, ნატალია გალიბარენკოს ავტომობილს თავს დაესხა. „ბიბისის“ ინფორმაციით, შემთხვევა უკრაინის საელჩოსთან ახლოს მოხდა.
როგორც ცნობილია, ავტომობილი გაჩერებული იყო, როდესაც უცნობი პირი დიპლომატის ავტომობილს დაეჯახა, რის შემდეგაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და თავდამსხმელის ავტომობილი ალყაში მოაქციეს. ამ დროს უცნობი პირი უკრაინის ელჩის, ნატალია გალიბარენკოს ავტომობილს კიდევ დაეჯახა. საბოლოოდ პოლიციამ მისი მიმართულებით ცეცხლი გახსნა და ელექტროშოკის საშუალებით თავდამსხმელი დააკავა.
როგორც სამართალდამცავი ორგანოები იუწყებიან, ალყის დროს უცნობი პირი პოლიციის ავტომობილებზე თავდასხმასაც ცდილობდა. ამჟამად ეჭვმიტანილი ლონდონის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში იმყოფება.
თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია. ლონდონის პოლიციის განმარტებით, თავდასხმა ტერაქტად არ განიხილება.