ლონდონში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით ბოლო ერთ კვირაში მიმდინარე აქციებზე 500 ადამიანი დააკავეს
ლონდონში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მიმდინარე დემონსტრაციებზე, ბოლო ერთ კვირაში სამართალდამცველებმა 500-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს. გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქში ქუჩების უსაფრთხოებას დამატებით რამდენიმე ათასი პოლიციელი აკონტროლებს.
კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გაერთიანებული აქტივისტები დედაქალაქის პარალიზებას ცდილობენ. დემონსტრანტებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ქალაქის პარალიზება რამდენიმე საათით მაინც მოახერხეს. ამის გამო ათობით ათასი ლონდონელი დაზარალდა. ორშაბათის შემდეგ აქტივისტებს ოქსფორდის ცირკი, ვატერლოოს ხიდი, პარლამენტთან არსებული მოედანი, ტელეკომპანია „ბიბისის“ შენობა და სხვა მნიშვნელოვანი ადგილები აქვთ დაკავებული.
სამართალდამცავ უწყებასთან აქტიურად თანამშრომლობს ჰიტროუს აეროპორტიც, რადგან აქტივისტები აეროპორტში გაფიცვის მოწყობას და ფრენებისთვის ხელის შეშლას აპირებენ. საჭიროების შემთვევაში, სამართალდამცავი უწყებები მზად არიან, საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე ასეული პოლიციელი გაგზავნონ.
კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო აქციებს შეუერთდა ემა ტომპსონი. „ოსკაროსანი“ მსახიობის განცხადებით, ეს არის პირველი რეალურად იმედისმომცემი მოძრაობა, რაშიც ოდესმე მონაწილეობა მიუღია.
„ჩვენი პლანეტა საფრთხეშია. ახლა ვერც კი წარმოვიდგენთ, ჩვენი შთამომავლები ისეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებიან. სამწუხაროდ, ხელისუფლება არ გვისმენს. ამიტომ, ახლა ჩვენ უნდა ვაიძულოთ მოგვისმინონ“, – განაცხადა „ოსკაროსანმა“ მსახიობმა.