ლონდონმა სკრიპალის საქმის გამოძიებაში რუსეთის ჩართვაზე უარი განაცხადა
ლონდონი სკრიპალის საქმის გამოძიებაში რუსეთის ჩართვაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ქიმიური იარაღის აკრძალვის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციაში (OPCW) ბრიტანეთის დელეგაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ლონდონში მიაჩნიათ, რომ რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკის მოწამვლის საქმის რუსეთთან ერთად გამოძიების ინიციატივა „გარყვნილება და მოსკოვის მიერ გავრცელებული მორიგი დეზინფორმაციაა“.
„რუსეთის დელეგაციის წინადადება, ჩაერთოს სკრიპალის საქმის გამოძიებაში, დივერსიული ტაქტიკაა, რაც მთავრი კითხვებისთვის თავის არიდებას ისახავს მიზნად, რომლებზე პასუხიც რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გასცეს“ – ნათქვამია ბრიტანეთის დელეგაციის განცხადებაში.
დღეს ჰააგაში ქიმიური იარაღის აკრძალვის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციის (OPCW) საგანგებო სხდომა იმართება, რომელიც მოსკოვმა მოიწვია. სხდომაზე სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმეს განიხილავენ.
როგორც ცნობილია, ქიმიური იარაღის აკრძალვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის (OPCW) სპეციალისტებს გადასცეს ნივთიერების ნიმუშები, რომლითაც რუსეთის დაზვერვის ყოფილი პოლკოვნიკი მოწამლეს. თუმცა უცნობია, დღეს გახდება თუ არა ცნობილი გამოძიების ახალი დეტალები.
მანამდე ბრიტანელმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ სკრიპალის მოწამვლის დროს გამოყენებული შხამის წარმომავლობა და დამზადების ადგილი მათ არ დაუდგენიათ.