ლონდონის საიმპერატორო კოლეჯი - კარანტინმა ევროპაში 60 000-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა
ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ახალი კვლევის მიხედვით, კარანტინმა და სხვა მკაცრმა შეზღუდვებმა ევროპაში დაახლოებით 60 ათასი ადამიანი სიცოცხლე გადაარჩინა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კვლევის ავტორებმა დასავლეთ ევროპის მხოლოდ 11 ქვეყანაში არსებული სიტუაცია შეისწავლეს.
საუბარია იტალიაზე, ესპანეთზე, საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთზე.
როგორც საიმპერატორო კოლეჯის მკვლევარები აცხადებენ, საკარანტინო ზომებმა შედეგი გამოიღო და ვირუსის გავრცელება თითქმის ორი მესამედით შემცირდა.
ზოგიერთ შემთხვევაში კი, ვირუსის რეპროდუქციული მაჩვენებელი ერთზე დაბლა ჩამოვიდა. კვლევის თანახმად, შედეგად, ევროპამ შეძლო დაახლოებით 59 ათასი ადამიანის გადარჩენა, რომლებიც მკაცრი ზომების შემოღების გარეშე, მარტის ბოლოს დაავადების შედეგად დაიღუპებოდნენ.
კვლევაში ნათქვამია, რომ ჯერ კონკრეტულად უცნობია, თუ რომელმა აკრძალვამ იმუშავა ყველაზე კარგად, თუმცა საერთო ჯამში ევროპის ქვეყნებში მიღებულმა ზომებმა შედეგი გამოიღო.
საიმპერატორო კოლეჯში მიიჩნევენ, რომ მკაცრი შეზღუდვების დაწესების გარეშე იტალიაში, სადაც დღეს 12 ათასზე მეტი გარდაცვლილია, მარტის ბოლოს ეს ციფრი 50 ათასი იქნებოდა.
თუმცა, ექსპერტები აცხადებენ, რომ „კოვიდ-19“-ის ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდის გათვალისწინებით, მკაცრი საკარანტინო ზომების შედგების ეფექტის უფრო ზუსტად შეფასება რამდენიმე კვირაში გახდება შესაძლებელი. თუმცა მეცნიერების თქმით, თუ ტენდენცია შენარჩუნდება, ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს.