ლონდა თოლორაია - ვერ ვიტყვი, რომ არასრულწლოვნებში ძალადობრივმა დანაშაულმა მოიმატა
საერთაშორისო სტანდარტით, განმეორებითი დანაშაულის 9% ძალიან დაბალია და ითვლება, რომ პროგრამა, რომელშიც არასრულწლოვნებს ვრთავთ, ძალიან წარმატებულია, – განაცხადა საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ლონდა თოლორაიამ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად გაამართლა არასრულწლოვანთა მიმართ ლიბერალურმა მიდგომამ, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ ასეთმა მიდგომამ გაამართლა, რაზეც რეციდივის მაჩვენებელიც მეტყველებს.
„განრიდებაში პირის ჩართვას გარკვეული წინაპირობები სჭირდება. რაკი დანაშაული არასრულწლოვანმა ჩაიდინა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პროკურორი აუცილებლად მისი განრიდების გადაწყვეტილებას მიიღებს. ეს ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული“, – განაცხადა თოლორაიამ.
მაკა ცინცაძემ სტუმარს ბოლო დროს, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ მკვლელობებთან დაკავშირებითაც ჰკითხა. შეკითხვაზე, რამდენად მისაღებია საზოგადოების ერთი ნაწილის აზრი, რომელიც ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ლოიალობა გამართლებული არ იყო და კანონი უნდა გამკაცრდეს, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ განრიდებასა და ძალადობრივ დანაშაულს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს.
„განრიდების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ სასჯელის ეს ალტერნატიული ფორმა ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ არ გამოიყენება. არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, რომ განრიდებულიყოს არასრულწლოვანი, რომელმაც დანაშაული ცივი, ან ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩაიდინა. განრიდების გამოყენება არ ხდება მკვლელობაზე, ან მკვლელობის მცდელობაზე, ყაჩაღობაზე და ა.შ”, – განაცხადა თოლორაიამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ არასრულწლოვნებში ძალადობრივი დანაშაულის მატება არ ფიქსირდება.
„რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს სტატისტიკით არ ვზომავთ და ყველა ფაქტი ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. შესაძლოა, დროის მოკლე მონაკვეთში რამდენიმე ფაქტი ერთმანეთს დაემთხვა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ არასრულწლოვნებში ძალადობრივმა დანაშაულმა მოიმატა“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.