სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან, მაიკე ვან კოლდამთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ლონდა თოლორაიამ ნიდერლანდების სამეფოს ელჩს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობაზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. მაიკე ვან კოლდამმა ყურადღება გაამახვილა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში ნიდერლანდების გამოცდილებაზე და ამ მიმართულებით ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე.
მაიკე ვან კოლდამის განსაკუთრებული ინტერესი, ასევე გამოიწვია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო მიმართულებით გატარებულმა ღონისძიებებმა. სამსახურის ახალი ფუნქციის შესახებ ლონდა თოლორაიამ სტუმარს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის ფარგლებში სახელმწიფო ინსპექტორმა და ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და მიმართულებები განიხილეს. ლონდა თოლორაიამ იმედი გამოთქვა, რომ ნიდერლანდების სამეფოსთან ორმხრივი თანამშრომლობა გაღრმავდება და სამსახურს მათი წარმატებული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მიეცემა.
საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა სამომავლო თანამშრომლობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მხარდაჭერისათვის სრული მზადყოფნა გამოხატა.
ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.