ლონდა თოლორაია - პოლიციელების რაოდენობა ადასტურებს, რომ შსს ყველაფერს გააკეთებს, რათა აქციის მონაწილეების უსაფრთხოება იყოს დაცული
ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა და მზად ვართ, ყველა ადამიანის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან განაცხადა.
„დღევანდელ აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ადგილზეა, რათა გავაკონტროლოთ და დავაკვირდეთ, რამდენად დაცულია ყველა პირის გამოხატვის თავისუფლება. მობილიზებულია შსს, პოლიცია, რათა უზრუნველყოს იმ ადამიანთა უსაფრთხოება, რომლებიც აღნიშნულ აქციაზე გამოცხადდებიან. გვქონდა ხშირი მოლაპარაკებები ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომლებიც დღევანდელ აქციას უწევდნენ ორგანიზებას. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ ორგანიზატორთა გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა აქციაში ჩართულობაზე, ჩვენი მხრიდან არაფერი შეცვლილა და მზად ვართ, ყველა ადამიანის უსაფრთხოება უზრუნველვყოთ. ორგანიზატორთა იმ ნაწილმა, რომლებმაც უარი თქვეს ამ აქციაზე, ჩაანაცვლეს სხვა ღონისძიებებით, რომელთა გარკვეული ნაწილი უკვე ჩატარებულია და ჩაიარა ექსცესების გარეშე. დიახ, დღეს გამოცხადებული პოლიციელების რაოდენობა ადასტურებს, რომ შსს გააკეთებს ყველაფერს, რათა მათი უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.