„ლოკომოტივმა“ „საბურთალოდან“ გეგი გეგუჩაძე დაიმატა #1TVSPORT
„ლოკომოტივმა“ „საბურთალოდან“ გეგი გეგუჩაძე დაიმატა #1TVSPORT

გეგი გეგუჩაძე თბილისის „ლოკომოტივში“ ითამაშებს. ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს. ახალგაზრდა ნახევარმცველი კლუბში ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე გადავიდა.

გეგი გეგუჩაძე 19 წლისაა. „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილმა ეროვნულ ლიგაში სადებიუტო მატჩი 2020 წელს, 16 წლის ასაკში „სამტრედიასთან“ ჩაატარა, ხოლო გასულ სეზონში „საბურთალოში“ ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ამპლუით ნახევარმცველი საფეხბურთო ოჯახში იზრდება – ის საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელის, გია გეგუჩაძის ვაჟია, მისი უფროსი ძმა – დავით გეგუჩაძე უეფას მწვრთნელთა განათლების სისტემაში საქმიანობს, უმცროსი ძმა – საბა კი „საბურთალოს” აკადემიის და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მოთამაშეა.

გეგი გეგუჩაძე ბავშვობიდან გამოირჩეოდა, მაგრამ ტრავმის გამო წელიწად-ნახევარი გაუცდა და ექიმებმა უთხრეს, რომ ფეხბურთის თამაში არ შეიძლებოდა. თუმცა გამოჯანმრთელდა და ითამაშა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში. ამ უკანასკნელის ფორმით 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.