თბილისის „ლოკომოტივის“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდს მორიგი ახალწვეული ჰყავს – თბილისელებმა კონტრაქტი დავით ჯიქიასთან გააფორმეს.
22 წლის შემტევი ნახევარმცველი გუნდში 2019 წლის ბოლომდე ითამაშებს, ხოლო მხარეთა სურვილის შემთხვევაში, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით შეიძლება გაგრძელდეს.
ჯიქია „ლოკომოტივში“ მეორედ დაბრუნდა. მან პროფესიონალური კარიერა 2011 წელს, სწორედ ამ გუნდში დაიწყო და ეროვნულ ლიგა 2-ში, „ლოკოს“ მაისურით ჩატარებულ 51 მატჩში 34 გოლი გაიტანა.
2014 წელს ჯიქია ქუთაისის „ტორპედოში“ გადავიდა, მაგრამ ნახევარ წელიწადში ისევ „ლოკომოტივში“ დაბრუნდა. 2015 წლიდან უკვე „დინამოს“ ფეხბურთელი გახდა, საიდანაც „საბურთალოში“” მიიწვიეს.
ჯიქია 2015 წლიდან „სამტრედიაში“ თამაშობდა და მისი ფორმით 2016 წელს, ქვეყნის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა.