თბილისის „ლოკომოტივი“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი ფინალისტია. ნახევარფინალში ლევან კორღალიძის გაწვრთნილებს მეოთხე ლიგის საგარეჯოს „არსენ მეკოკიშვილი არენაზე“ „გარეჯი 1960“-მა უმასპინძლა და თბილისელებს დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ კლასმა მაინც თავისი გაიტანა
ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს და პირველი ტაიმიც მოიგეს: საგარეჯოელთა შეტევა მე-13 წუთზე ილია გუჯარაიძემ დააგვირგვინა – 1:0. „ლოკომოტივმა“ მეორე ნახევარში მდგომარეობა გამოასწორა: 56- წუთზე, ირაკლი სიხარულიძემ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო სამ წუთში ნიკა ჭანტურიამ „ლოკომოტივი“ დააწინაურა. საგარეჯოელოებმა იბრძოლეს და 62-ე წუთზე საბა თავაძის გოლით ანგარიში გაათანაბრეს. საბოლოო ანგარიში 69-ე წუთზე თემურ შონიამ დააფიქსირა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა და თბილისური კლუბი თასის ფინალში გაიყვანა – 2:3.
თბილისის „ლოკომოტივი“ საქართველოს თასის ფინალში მეხუთედ გავიდა. 2000, 2002 და 2005 წლებში გუნდი გათამაშების გამარჯვებული გახდა, ხოლო 2001 წელს ქუთაისის „ტორპედოსთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა.