„ლოკომოტივის“ დამარცხებით „დინამო“ გალიდერდა (ვიდეო)

ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მეოთხე ტურის მეორე შეხვედრას „დინამო-არენამ“ უმასპინძლა – თბილისურ დერბიში „დინამო“ გათამაშების ლიდერ „ლოკომოტივს“ შეხვდა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა.

პირველ ტაიმში ორივე გუნდმა შექმნა საგოლე მომენტები, მაგრამ ვერც ერთმა ისარგებლა და ტაიმი უგოლოდ დასრულდა – 0:0. 42-ე წუთზე, მეტოქეხთან უხეშობისთვის „ლოკომოტივის“ კაპიტანმა დავით უბილავამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა, „დინამომ“ კი დარჩენილ ნაწილში დიდი უპირატესობა მოიპოვა.

მასპინძლებმა ანგარიში კურიოზული გოლით გახსნეს: დავით კობოურმა საჯარიმოს სიახლოვიდან დაარტყა, მეკარე ლაშა შეროზიას ბურთი ხელიდან გაუვარდა და 1:0. მეორე გოლი კი 73-ე წუთზე პენალტით თორნიკე კაპანაძემ გაიტანა – 2:0. 79-ე წუთზე „ლოკომოტივის“ შემტევმა თორნიკე კირკიტაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა – 3:0, 90-ე წუთზე კი „დინამოს“ ბრაზილიელმა ლეგიონერმა ვიტორ პერნამბუკომ საბოლოო ანგარიში დააფიქისრა – 4:0.

ოთხი ტურის შემდეგ თბილისის „დინამომ“ უშუალო კონკურენტთან მოგებით რვა ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე დაწინაურდა, ხოლო „ლოკომოტივს“ შვიდი ქულა დარჩა და მეორე ადგილზეა.

დატოვე კომენტარი