ფრე და არჩათვლილი გოლი თბილისურ დაპირისპირებაში
ფრე და არჩათვლილი გოლი თბილისურ დაპირისპირებაში

ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში თბილისის „საბურთალომ“ თანაქალაქელ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და ფრედ ითამაშა.

ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც „ლოკომოტივის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავისი ყოფილი კლუბის, „საბურთალოს“ წინააღმდეგ გამართა.

პირველ ტაიმში საგოლე მომენტები ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ.

„საბურთალომ“ 76-ე წუთზე გოლი გაიტანა, მაგრამ არბიტრმა არ ჩათვალა – საჯარიმო ჯეროენ ლემუმ შეასრულა, მეკარე გიორგი მამარდაშვილმა დარტყმა მოიგერია, ლევან კაკუბავას დამატებაზე ბურთმა კარი გადაკვეთა, მაგრამ არბიტრმა გოლი არ ჩათვალა, რამაც „საბურთალოს“ ფეხბურთელები აღაშფოთა.

მატჩის მიწურულს, მეორე ყვითელი ბარათის გამო, „ლოკომოტივის“ ცენტრალური მცველი სანდრო გურეშიძე იქნა გაძევებული, მაგრამ დარჩენილ დროში „საბურთალომ“ რიცხობრივი უპირატესობით ვეღარ ისარგებლა და მატჩი ფრედ დასრულდა – 0:0.

ეროვნულ ლიგაში გამართული ექვსი ტურის შემდეგ „საბურთალო“ ცხრა ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო „ლოკომოტივი“ შვიდი ქულით მეშვიდეზე.

მეექვსე ტურში ორი მატჩია დარჩენილი – ბათუმის „დინამო“ ანგისას ბაზაზე ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლებს, ხოლო ტურის ცენტრალური შეხვედრა ხვალ, 19 ივლისს, „დინამო-არენაზე“ გაიმართება – თბილისის „დინამო“ გათამაშების ლიდერ გორის „დილას“ 21:00 საათზე მიიღებს და პირველი ადგილის დაბრუნებას შეეცდება.