პირველი არხის ინფორმაცია დადასტურდა - თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი ფრუიძე გახდა
პირველი არხის ინფორმაცია დადასტურდა - თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარი მწვრთნელი ფრუიძე გახდა

საქართველოს პირველი არხის ექსკლუზიური ინფორმაცია თბილისის „ლოკომოტივმა“ უკვე ოფიციალურად დაადასტურა – გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძეა.

„სოსო ფრუიძე ჩვენი ახალი მთავარი მწვრთნელია. გამოცდილმა სპეციალისტმა გუნდი „ლოკომოტივი” წლის ბოლომდე ჩაიბარა. სოსო ფრუიძე ქართულ ფეხბურთში საკმაოდ ცნობილი მწვრთნელია. მისი სამწვრთნელო კარიერა 1994 წლიდან დაიწყო. ყველაზე დიდი დრო კი, ფრუიძემ საჩხერის „ჩიხურაში“ გაატარა, სადაც 2008 წლიდან მუშაობდა და იმერული კლუბი მხოლოდ მიმდინარე სეზონის დაწყებამდე დატოვა. წარმატებებს ვუსურვებთ ბატონ სოსოს „ლოკომოტივთან“ ერთად“ – ვკითხულობთ „ლოკომოტივის“ განცხადხებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის „ლოკომოტივი“ მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ ორიოდე დღის წინ დატოვა. 62 წლის ფრუიძეს კი უმუშავია „სამტრედიაში“, წყალტუბოს „სამგურალში“, ზესტაფონის „მარგვეთში“, ქუთაისის „ტორპედოში“, „ბორჯომში“, ხოლო 2008-2020 წლებში „ჩიხურას“ ავარჯიშებდა.

საჩხერელებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგს სწორედ ფრუიძის ხელმძღვანელობით მიაღწია – „ჩიხურა” 2013 წელს გახდა სუპერთასის მფლობელი, ხოლო 2017 წელს – დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასს დაეპატრონა, სულ კი გუნდი ევროპის ლიგაზე ექვსჯერ გაიყვანა.