ლოიდ ოსტინი - ღაზა ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის და მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება, მთავარი მაინც სახმელეთო გზით დახმარების მიწოდების გაფართოებაა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა ღაზაში არსებულ ვითარებას „ჰუმანიტარული კატასტროფა“ უწოდა.
ოსტინმა პენტაგონში ისრაელის თავდაცვის მინისტრთან, იოავ გალანტთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა მორალური და სტრატეგიული აუცილებლობაა.
„ღაზაში, მშვიდობიანი მოსახლეობაში დაღუპულთა რიცხვი ძალიან მაღალია, ხოლო ჰუმანიტარული დახმარების რაოდენობა – ძალიან დაბალი. ღაზა ჰუმანიტარულ კატასტროფას განიცდის და მდგომარეობა კიდევ უფრო უარესდება. მთავარი მაინც დახმარების მიწოდების გაფართოებაა სახმელეთო გზით. ჩვენ ასევე უნდა დავგეგმოთ ისრაელის უსაფრთხოების საკითხი ამ კონფლიქტის დასრულების შემდეგ. ეს მოიცავს განახლებულ თანამშრომლობას პალესტინის ხელისუფლებასთან და რეგიონულ პარტნიორებთან ღაზის სექტორის სტაბილიზაციისთვის და ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტისკენ სვლისთვის“, – აღნიშნა ოსტინმა.
თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა მადლობა გადაუხადა ლოიდ ოსტინს მასპინძლობისთვის და აღნიშნა, რომ ისრაელი ექვსი თვის განმავლობაში ტერორისტულ ორგანიზაციას ებრძვის.
„ჩვენ განვიხილავთ ღაზაში განვითარებულ მოვლენებს და ჩვენი მიზნების მიღწევის საშუალებებს – „ჰამასის“ განადგურებასა და ისრაელელი მძევლების სამშობლოში დაბრუნებას“, – აღნიშნა გალანტმა.