ლოიდ ოსტინი - ჩვენი მიზანია, რუსეთს აღარ ჰქონდეს ისეთივე სამხედრო შესაძლებლობები, როგორც ადრე, რომ მეზობლები დაჩაგროს
ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ, რომ რუსეთს აღარ ჰქონდეს ისეთივე სამხედრო შესაძლებლობები, როგორც ადრე, რომ მეზობლები დაჩაგროს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა რამშტაინის ბაზაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლოიდ ოსტინი ამბობს, რომ უკრაინაში 62-დღიანი ომის პერიოდში რუსეთმა დიდი დანაკარგი ნახა, როგორც ადამიანური რესურსის, ისე სამხედრო აღჭურვილობის კუთხით. პენტაგონის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ახლა რუსეთი უფრო სუსტია.
„რუსეთისთვის მისი სამხედრო შესაძლებლობების აღდგენა რთული იქნება, მათ შორის სანქციებისა და სავაჭრო შეზღუდვების გამო. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ, რომ რუსეთს აღარ ჰქონდეს ისეთივე სამხედრო შესაძლებლობები, როგორც ადრე, რომ მეზობლები დაჩაგროს“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
ოსტინმა ჟურნალისტების კითხვაზე საპასუხოდ აღნიშნა, რომ ის არ გამორიცხავს, უკრაინამ მომავალში ისევ სცადოს ნატო-ში გაწევრიანება, თუმცა როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანი ამბობს, ამ ეტაპზე მთავარი უკრაინაში ომის დასრულებაა.
„პუტინმა უნდა მიიღოს ამ კონფლიქტის დასრულების გადაწყვეტილება და დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას“, – განაცხადა ოსტინმა.