ლოგისტიკის სარდალმა თავდაცვის ძალებიდან ჩართული ქვედანაყოფების მეთაურებს სტიქიის ზონაში დღის გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნო
ლოგისტიკის სარდალმა თავდაცვის ძალებიდან ჩართული ქვედანაყოფების მეთაურებს სტიქიის ზონაში დღის გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნო

შოვში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებები დილიდან განახლდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კახა ტაბატაძემ თავდაცვის ძალებიდან ჩართული ქვედანაყოფების მეთაურებთან ერთად, დღის გეგმას გადახედა და ძებნის სამუშაოებთან დაკავშირებით ახალი დავალებები გააცნო.

მათივე ცნობით, საველე მართვის პუნქტიდან ლოგისტიკის სარდალმა სტიქიის ეპიცენტრში გადაინაცვლა და სამხედროების მუშაოების პროცესს ადგილზე დააკვირდა. თავდაცვის ძალები შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით ათ ლოკაციაზე ახორციელებს ძებნა-შველის ღონისძიებებს. უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში ძებნის სამუშაოებს მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა, მაშველებთან ერთად, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით ახორციელებს.

მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების 54-კილომეტრიან მონაკვეთზე მონიტორინგსა და წერტილოვან ძებნის სამუშაოებში ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა, რეზერვისტები და მაშველები არიან ჩართული. მდინარეების კალაპოტში ეროვნული გვარდიის ის სამხედრო მოსამსახურეები აწარმოებენ მონიტორინგს, რომლებსაც მდინარის ფორსირებისა და სამძებრო სამუშაოების სპეციალური კურსი აქვთ გავლილი.